Email Us: info@cbs.ge
  • Follow Us:

თერაპიული ჩვენებები

მოზრდილები

ინსულტის და სისტემური ემბოლიის პროფილაქტიკა არასარქვლოვანი წინაგულების ფიბრილაციის მქონე მოზრდილ პაციენტებში ერთი ან მეტი რისკ-ფაქტორით, როგორიცაა გულის შეგუბებითი უკმარისობა, ჰიპერტენზია, ასაკი ≥ 75 წელი, შაქრიანი დიაბეტი, გადატანილი ინსულტი ან ტრანზიტორული იშემიური შეტევა.

ღრმა ვენების თრომბოზის (DVT) და ფილტვის ემბოლიის (PE) მკურნალობა და DVT-ს და PE-ს რეციდივების პრევენცია მოზრდილებში.

პედიატრიული მოსახლეობა

ვენური თრომბოემბოლიის (VTE) მკურნალობა და VTE-ის რეციდივის პროფილაქტიკა ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში, რომელთა სხეულის მასა აღემატება 50 კგ-ს, საწყისი პარენტერალური ანტიკოაგულაციური მკურნალობის სულ მცირე 5 დღის შემდეგ.

დოზირება და მიღების წესი

დოზირება

ინსულტისა და სისტემური ემბოლიის პროფილაქტიკა მოზრდილებში

რეკომენდებული დოზაა 20 მგ ერთხელ დღეში, რაც ასევე მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა.

რივაროქსაბანით თერაპია უნდა გაგრძელდეს ხანგრძლივად, იმ პირობით, რომ ინსულტისა და სისტემური ემბოლიის პრევენციის სარგებელი აჭარბებს სისხლდენის რისკს.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს რივაროქსაბანი, შემდეგ გააგრძელოს მიღება მეორე დღიდან ერთხელ დღეში, როგორც რეკომენდებულია. გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად იმავე დღეს დოზა არ უნდა გაორმაგდეს.

DVT- მკურნალობა, PE- მკურნალობა და მორეციდივე DVT- და PE- პრევენცია მოზრდილებში

მწვავე DVT-ს ან PE-ს მკურნალობის დასაწყისში რეკომენდებული დოზაა 15 მგ ორჯერ დღეში პირველი სამი კვირის განმავლობაში, შემდგომ 20 მგ ერთხელ დღეში მკურნალობის გაგრძელებისა და DVT-ს და PE-ს რეციდივის პრევენციის მიზნით.

მიზანშეწონილია ხანმოკლე (მინიმუმ 3 თვე) თერაპია გარდამავალი რისკ-ფაქტორებით (მაგ., ბოლო დროის მაშტაბური ოპერაცია ან ტრავმა) პროვოცირებული DVT ან PE-ს მქონე პაციენტებში.

მეტი ხანგრძლივობის თერაპია უნდა იყოს გათვალისწინებული პაციენტებში პროვოცირებული DVT ან PE-თი, რომლებიც არ არის დაკავშირებული ძირითად გარდამავალ რისკ ფაქტორებთან, არაპროვოცირებული DVT ან PE-თი, ან ანამნეზში მორეციდივე DVT ან PE-ს არსებობისას.

მორეციდივე DVT-ს და PE-ს ხანგრძლივი პრევენციის მიზნით (DVT-ს ან PE-ს სულ მცირე 6 თვიანი თერაპიის დასრულების შემდეგ) რეკომენდებული დოზაა 10 მგ ერთხელ დღეში. DVT-ს ან PE-ს მაღალი რისკის მქონე პაციენტებში, მაგ., გართულებული თანმხლები დაავადებები ან DVT-ს ან PE-ს რეციდივი ხანგრძლივი თერაპიის ფონზე პროფილაქტიკური დოზით 10 მგ მედოქსაბანის ერთხელ დღეში გამოყენებისას, მიზანშეწონილია 20 მგ მედოქსაბანის ერთხელ დღეში დანიშვნა.

თერაპიის ხანგრძლივობა და დოზის შერჩევა ინდივიდუალურად უნდა მოხდეს მკურნალობის სარგებელის და სისხლდენის რისკის შეფასების შემდეგ.

 

ხანგრძლივობა

დოზირების რეჟიმი

მთლიანი სადღეღამისო დოზა

მორეციდივე DVT-ს  და PE-ს მკურნალობა და პრევენცია

1 - 21 დღე

15 მგ ორჯერ დღეში

30 მგ

22 დღიდან

20 მგ ერთხელ დღეში

20 მგ

მორეციდივე DVT-ს და PE-ს პრევენცია

DVT-ს ან PE-ს თერაპიის დასრულების შემდეგ მინიმუმ 6 თვის განმავლობაში

10 მგ ერთხელ დღეში ან 20 მგ ერთხელ დღეში

10 მგ ან 20 მგ

21 დღის შემდეგ 15 მგ-დან 20 მგ-ზე დოზის გადასვლის მხარდასაჭერად ხელმისაწვდომია რივაროქსაბანით DVT / PE-ს საწყისი პირველი 4-კვირიანი მკურნალობის სქემა.

თუ დოზა გამოტოვებულია 15 მგ 2-ჯერ დღეში მკურნალობის ფაზაში (1 – 21 დღე), პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს რივაროქსაბანი, რათა უზრუნველყოს 30 მგ რივაროქსაბანის მიღება დღეში. ამ შემთხვევაში შეიძლება ერთდროულად ორი 15 მგ ტაბლეტის მიღება. მომდევნო დღეს პაციენტმა უნდა გააგრძელოს რეგულარული მიღება 15 მგ 2-ჯერ დღეში, როგორც რეკომენდებულია.

თუ დოზა გამოტოვებულია დღეში ერთხელ მკურნალობის ფაზაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს რივაროქსაბანი და გააგრძელოს მეორე დღეს დღეში ერთხელ მიღება, როგორც რეკომენდებულია. დოზა არ უნდა გაორმაგდეს იმავე დღეს გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

VTE-ის მკურნალობა და VTE-ის რეციდივის პროფილაქტიკა ბავშვებში და მოზარდებში

18 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში და მოზარდებში მკურნალობა უნდა დაიწყოს პარენტერალური ანტიკოაგულაციური მკურნალობის დაწყებიდან სულ მცირე 5 დღის შემდეგ.

დოზა ბავშვებისა და მოზარდებისთვის გამოითვლება სხეულის მასის მიხედვით.

  • სხეულის მასა 50 კგ ან მეტი:

რეკომენდებულია 20 მგ რივაროქსაბანი ერთხელ დღეში. ეს არის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა.

  • სხეულის მასა 30-დან 50 კგ-მდე:

რეკომენდებულია 15 მგ რივაროქსაბანი ერთხელ დღეში. ეს არის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა.

  • 30 კგ-ზე ნაკლები მასის პაციენტებისთვის რეკომენდებულია რივაროქსაბანის პერორალური სუსპენზიის მოსამზადებელი გრანულების გამოყენება.

საჭიროა ბავშვის სხეულის მასის მონიტორინგი და დოზის რეგულარულად გადახედვა. ეს აუცილებელია თერაპიული დოზის შესანარჩუნებლად.

დოზის კორექცია უნდა განხორციელდეს მხოლოდ სხეულის მასის ცვლილებების საფუძველზე.

ბავშვებსა და მოზარდებში მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 3 თვის განმავლობაში.

კლინიკურად საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 12 თვემდე. არ არსებობს მონაცემები ბავშვებში დოზის შემცირების შესახებ მკურნალობის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ.

თერაპიის გაგრძელების სარგებელი-რისკი 3 თვის შემდეგ უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად, განმეორებითი თრომბოზის რისკის გათვალისწინებით სისხლდენის პოტენციურ რისკთან შედარებით.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს გამოტოვებული დოზა, მაგრამ მხოლოდ იმავე დღეს. თუ ეს შეუძლებელია, პაციენტმა უნდა გამოტოვოს დოზა და გააგრძელოს მიღება დანიშნულების მიხედვით. პაციენტმა არ უნდა მიიღოს გაორმაგებული დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

K ვიტამინის ანტაგონისტებიდან (VKA) მედოქსაბანზე გადასვლა

  • ინსულტის და სისტემური ემბოლიის პროფილაქტიკა:

VKA მკურნალობა უნდა შეწყდეს და მედოქსაბანით თერაპია უნდა დაიწყოს, როდესაც საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა (INR) არის ≤ 3.0.

  • DVT-ის, PE-ს მკურნალობა და რეციდივის პროფილაქტიკა მოზრდილებში და VTE-ის მკურნალობა და რეციდივის პროფილაქტიკა პედიატრიულ პაციენტებში:

VKA მკურნალობა უნდა შეწყდეს და მედოქსაბანით თერაპია უნდა დაიწყოს, როდესაც INR იქნება ≤ 2,5.

პაციენტების VKA-დან მედოქსაბანზე გადაყვანისას მედოქსაბანის მიღების შემდეგ აღინიშნება INR-ს მნიშვნელობების ცრუ მომატება. მედოქსაბანის ანტიკოაგულაციური აქტივობის განსაზღვრისთვის INR არ გამოიყენება, რადგან შედეგი არ არის სანდო.

მედოქსაბანიდან K ვიტამინის ანტაგონისტებზე (VKAs) გადასვლა

მედოქსაბანიდან VKA-ზე გადასვლისას არსებობს არასაკმარისი ანტიკოაგულაციური ეფექტის შესაძლებლობა. ამასთან დაკავშირებით, აუცილებელია უწყვეტი საკმარისი ანტიკოაგულაციური ეფექტის უზრუნველყოფა სხვა ანტიკოაგულანტზე გადასვლისას. უნდა აღინიშნოს, რომ მედოქსაბანმა შეიძლება გაზარდოს INR.

მედოქსაბანიდან VKA-ზე გადასვლისას მედოქსაბანი მიიღება VKA-სთან ერთად, სანამ INR არ მიაღწევს ≥2.0-ს. გარდამავალი პერიოდის პირველი ორი დღის განმავლობაში უნდა იქნას გამოყენებული VKA-ს სტანდარტული საწყისი დოზა, რასაც მოჰყვება VKA-ს დოზა INR-ის განსაზღვრაზე დაყრდნობით. მედოქსაბანის და VKA–ს ერთდროული მიღებისას INR უნდა განისაზღვროს წინა დოზის მიღებიდან სულ მცირე 24 საათის შემდეგ და მედოქსაბანის შემდეგი დოზის მიღებამდე. მედოქსაბანის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ INR-ის საიმედო განსაზღვრა შეიძლება განხორციელდეს პრეპარატის ბოლო დოზის მიღებიდან სულ მცირე 24 საათის შემდეგ.

პედიატრიული პაციენტები:

ბავშვებმა, რომლებიც გადადიან მედოქსაბანიდან VKA-ზე (K ვიტამინის ანტაგონისტები), უნდა გააგრძელონ მედოქსაბანის მიღება VKA-ს პირველი დოზის მიღებიდან 48 საათის განმავლობაში. ორდღიანი ერთდროული გამოყენების შემდეგ უნდა განისაზღვროს INR მედოქსაბანის შემდეგი დაგეგმილი დოზის მიღებამდე. მედოქსაბანის და VKA-ს ერთობლივი გამოყენება რეკომენდებულია გაგრძელდეს მანამ, სანამ INR არ გახდება ≥ 2.0. მედოქსაბანის მიღების შეწყვეტის შემდეგ, INR ტესტირება უნდა ჩატარდეს ბოლო დოზის მიღებიდან 24 საათის შემდეგ.

პარენტერალური ანტიკოაგულანტებიდან მედოქსიბანზე გადასვლა

მოზრდილებსა და ბავშვებში, რომლებიც იღებენ პარენტერალურ ანტიკოაგულანტებს, მედოქსიბანის გამოყენება უნდა დაიწყოს 0-2 საათით ადრე პრეპარატის შემდეგი დაგეგმილი პარენტერალური შეყვანის დრომდე (მაგალითად, დაბალი მოლეკულური მასის ჰეპარინი) ან პრეპარატის უწყვეტი პარენტერალური მიღების შეწყვეტის მომენტში (მაგალითად, არაფრაქციული ჰეპარინის ინტრავენური შეყვანა).

მედოქსიბანიდან პარენტერალურ ანტიკოაგულანტებზე გადასვლა

მედოქსაბანის გამოყენება უნდა შეწყდეს და პარენტერალური ანტიკოაგულანტის პირველი დოზა უნდა იქნას გამოყენებული მედოქსიბანის დოზის გამოყენების ნაცვლად.

პაციენტების ცალკეული ჯგუფები

თირკმლის უკმარისობა

მოზრდილები:

შეზღუდული კლინიკური მონაცემები თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 15 - 29 მლ/წთ) მიუთითებს, რომ რივაროქსაბანის პლაზმური კონცენტრაცია მნიშვნელოვნად იზრდება. ამიტომ, მედოქსაბანი ამ პაციენტებში სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული. გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტებში კრეატინინის კლირენსით < 15 მლ/წთ.

თირკმლის საშუალო (კრეატინინის კლირენსი 30-49 მლ/წთ) ან მძიმე (კრეატინინის კლირენსი 15-29 მლ/წთ) უკმარისობის მქონე პაციენტებში გამოიყენება შემდეგი დოზირების რეკომენდაციები:

  • ინსულტისა და სისტემური ემბოლიის პროფილაქტიკისთვის პაციენტებში, რომლებსაც აქვთ წინაგულების არასარქვლოვანი ფიბრილაცია, რეკომენდებული დოზაა 15 მგ ერთხელ დღეში.
  • DVT-ის სამკურნალოდ, PE-ს სამკურნალოდ და მორეციდივე DVT და PE-ს პროფილაქტიკისთვის: პაციენტებში ინიშნება 15 მგ 2-ჯერ დღეში პირველი 3 კვირის განმავლობაში. ამის შემდეგ, თუ რეკომენდებული დოზაა 20 მგ ერთხელ დღეში, უნდა განიხილებოდეს დოზის შემცირება 20 მგ-დან ერთხელ დღეში 15 მგ-მდე ერთხელ დღეში, თუ პაციენტში შესაძლო სისხლდენის რისკი აღემატება DVT და PE რეციდივის რისკს. 15 მგ გამოყენების რეკომენდაცია ეფუძნება ფარმაკოკინეტიკურ მოდელირებას და არ არის შესწავლილი კლინიკურ სიტუაციაში. თუ რეკომენდებული დოზაა 10 მგ ერთხელ დღეში, რეკომენდებული დოზის კორექცია საჭირო არ არის.

თირკმლის მსუბუქი უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია  (კრეატინინის კლირენსი 50 - 80 მლ/წთ) საჭირო არ არის.

პედიატრიული მოსახლეობა:

  • თირკმლის მსუბუქი უკმარისობის მქონე ბავშვები და მოზარდები (გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე 50 - 80 მლ/წთ/1,73 მ2): დოზის კორექცია საჭირო არ არის მოზრდილებსა და შეზღუდული მონაცემების საფუძველზე პედიატრიულ პაციენტებში.
  • ბავშვები და მოზარდები თირკმლის საშუალო ან მძიმე უკმარისობით (გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე < 50 მლ/წთ/1,73 მ2): მედოქსაბანი არ არის რეკომენდებული, რადგან არ არის ხელმისაწვდომი კლინიკური მონაცემები.

ღვიძლის უკმარისობა

მედოქსაბანი უკუნაჩვენებია ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში, როდესაც დაავადება უკავშირდება კოაგულოპათიას და კლინიკურად მნიშვნელოვანი სისხლდენის რისკს, მათ შორის Child Pugh -ს მიხედვით B და C ციროზის მქონე პაციენტებში.

არ არსებობს კლინიკური მონაცემები ღვიძლის უკმარისობის მქონე ბავშვებში გამოყენების შესახებ.

ხანდაზმული პაციენტები

დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ხეულის მასა

მოზრდილებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

პედიატრიული პაციენტებში დოზა განისაზღვრება სხეულის მასის მიხედვით.

სქესი

დოზის კორექცია საჭირო არ არის.

პაციენტები, რომლებსაც უტარდებათ კარდიოვერსია

მედოქსაბანი შეიძლება დაინიშნოს ან გაგრძელდეს პაციენტებში, რომლებსაც შეიძლება ესაჭიროება კარდიოვერსია.

ტრანსეზოფაგური ექოკარდიოგრაფიით (TEE) მართული კარდიოვერსიის დროს პაციენტებში, რომლებიც ადრე არ იღებდნენ ანტიკოაგულანტებს, მედოქსაბანით მკურნალობა უნდა დაიწყოს კარდიოვერსიამდე მინიმუმ 4 საათით ადრე, რათა უზრუნველყოფილი იყოს ადეკვატური ანტიკოაგულაცია. თითოეული  პაციენტის შემთხვევაში, კარდიოვერსიის დაწყებამდე უნდა დარწმუნდეთ, რომ პაციენტმა მიიღო მედოქსაბანი დანიშნულების მიხედვით. მკურნალობის დაწყებისა და ხანგრძლივობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში უნდა იქნას გათვალისწინებული ანტიკოაგულაციური მკურნალობის დადგენილი რეკომენდაციები პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ კარდიოვერსია.

არასარქვლოვანი წინაგულების ფიბრილაციის მქონე პაციენტები, რომლებსაც უტარდებათ PCI (პერკუტანული კორონარული ინტერვენცია) სტენტის დაყენებით

არსებობს შეზღუდული გამოცდილება მედოქსაბანის შემცირებული დოზის 15 მგ ერთხელ დღეში (ან 10 მგ მედოქსაბანის ერთხელ დღეში თირკმლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში [კრეატინინის კლირენსი 30 - 49 მლ/წთ]) P2Y12-ის ინჰიბიტორთან ერთად მაქსიმუმ 12 თვის განმავლობაში გამოყენების შესახებ  არასარქვლოვანი წინაგულების ფიბრილაციის მქონე პაციენტებში, რომლებსაც ესაჭიროებათ პერორალური ანტიკოაგულაცია და უტარდებათ PCI სტენტის განთავსებით.

პედიატრიული მოსახლეობა

მედოქსაბანის უსაფრთხოება და ეფექტურობა 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის დადგენილი ინსულტის და სისტემური ემბოლიის პროფილაქტიკისთვის პაციენტებში, რომლებსაც აქვთ არასარქვლოვანი წინაგულების ფიბრილაცია.

ამიტომ, 18 წლამდე ასაკის ბავშვებში სხვა ჩვენებებისთვის გამოყენება არ არის რეკომენდებული, VTE-ს მკურნალობისა და მორეციდივე VTE-ის პრევენციის გარდა.

გამოყენების წესი

მედოქსაბანი განკუთვნილია პერორალური გამოყენებისთვის.

მოზრდილები

ტაბლეტები მიიღება საკვებთან ერთად.

ტაბლეტების დაქუცმაცება

პაციენტებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ მთლიანი ტაბლეტების გადაყლაპვა, შესაზლებელია მედოქსაბანის ტაბლეტების დაქუცმაცდეს და წყალში ან ვაშლის პიურეში შერევა უშუალოდ გამოყენებამდე და პერორალურად მიღება. 15 მგ ან 20 მგ მედოქსაბანის აპკიანი გარსით დაფარული დაქუცმაცებული ტაბლეტების მიღების შემდეგ, დაუყოვნებლივ უნდა მიიღოთ საკვები.

დაქუცმაცებული ტაბლეტების შეყვანა ასევე შეიძლება კუჭის ზონდით.

50 კგ-ზე მეტი სხეულის მასის ბავშვები და მოზარდები

პაციენტს ურჩევენ გადაყლაპოს ტაბლეტი მთლიანად სითხესთან ერთად. მისი მიღება ასევე შეიძლება საკვებთან ერთად. ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს დაახლოებით 24 საათის ინტერვალით.

იმ შემთხვევაში, თუ პაციენტმა ვერ გადაყლაპა ან აღებინა დოზის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში საჭიროა ახალი დოზის მიღება. თუმცა, თუ პაციენტს აქვს ღებინება დოზის მიღებიდან 30 წუთზე მეტი ხნის შემდეგ, დოზის ხელახლა შეყვანა არ შეიძლება და შემდეგი დოზა უნდა იქნას მიღებული დაგეგმილის სქემის მიხედვით.

მცირე დოზის მიღების მიზნით ტაბლეტის გაყოფა არ შეიძლება.

ტაბლეტების დაქუცმაცება

პაციენტებმა, რომლებსაც არ შეუძლიათ მთლიანი ტაბლეტების გადაყლაპვა, უნდა გამოიყენონ რივაროქსაბანის გრანულები პერორალური სუსპენზიისთვის. თუ პერორალური სუსპენზია მიუწვდომელია, რივაროქსაბანის 15 მგ ან 20 მგ დოზებით დანიშვნისას, შეიძლება 15 მგ ან 20 მგ ტაბლეტის დაქუცმაცება და უშუალოდ გამოყენებამდე მათი შერევა წყალთან ან ვაშლის პიურეში და პერორალურად მიღება.

დაქუცმაცებული ტაბლეტების შეყვანა შეიძლება ნაზოგასტრალური ზონდით ან გასტრალური კვების სახით.

 

არასასურველი ეფექტები

მედოქსაბანის გამოყენებასთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციების სიხშირე მოზრდილ და პედიატრიულ პაციენტებში შეჯამებულია ორგანოთა სისტემემების კლასების (MedDRA) და სიხშირის მიხედვით. სიხშირეები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100-დან < 1/10-მდე), არც ისე ხშირი (≥ 1/1000-დან < 1/100-მდე), იშვიათი (≥ 1/10,000-დან < 1/1,000-მდე), ძალიან იშვიათი (< 1/10,000), უცნობია (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით).

სისხლმბადი და ლიმფური სისტემების მხრივ: ხშირად - ანემია (მათ შორის შესაბამისი ლაბორატორიული პარამეტრები); არც ისე ხშირად - თრომბოციტოზი (თრომბოციტების რაოდენობის მომატების ჩათვლით) *, თრომბოციტოპენია.

იმუნური სისტემის მხრივ: არც ისე ხშირად - ალერგიული რეაქციები, ალერგიული დერმატიტი, ანგიონევროზული შეშუპება, ალერგიული შეშუპება; ძალიან იშვიათად - ანაფილაქსიური რეაქციები ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით.

ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - თავბრუსხვევა, თავის ტკივილი; არც ისე ხშირად - ცერებრული და ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევა, სინკოპე.

მხედველობის ორგანოს მხრივ: ხშირად - სისხლჩაქცევა თვალში (მათ შორის სისხლდენა კონიუნქტივაში).

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხშირად - ჰიპოტენზია, ჰემატომა; არც ისე ხშირად - ტაქიკარდია.

რესპირაციული, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების მხრივ დარღვევები: ხშირად - სისხლდენა ცხვირიდან, სისხლიანი ხველა; ძალიან იშვიათად - ეოზინოფილური პნევმონია.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ხშირად - ღრძილებიდან სისხლდენა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა (რექტალური სისხლდენის ჩათვლით), გასტროინტესტინული და მუცლის ტკივილი, დისპეფსია, გულისრევა, ყაბზობა*, დიარეა, ღებინება*; არც ისე ხშირად - პირის სიმშრალე.

ჰეპატობილიარული დარღვევები: ხშირად - ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება; არც ისე ხშირად - ღვიძლის ფუნქციის დარღვევა; ბილირუბინის დონის გაზრდა, სისხლში ტუტე ფოსფატაზას აქტივობის მომატება*, გამა-გლუტამილტრანსპეპტიდაზას (GGT) აქტივობის მომატება*; იშვიათად - სიყვითლე, კონიუგირებული ბილირუბინის კონცენტრაციის მომატება (ალანინამინოტრანსფერაზას (ALT) აქტივობის ერთდროული მომატებით ან მის გარეშე),  ქოლესტაზი, ჰეპატიტი (მათ შორის ჰეპატოცელულარული დაზიანება).

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ხშირად - ქავილი (ზოგადი ქავილის იშვიათი შემთხვევების ჩათვლით), გამონაყარი, ექხიმოზი, სისხლჩაქცევები კანში და კანქვეშ; იშვიათად - ჭინჭრის ციება, ძალიან იშვიათად - სტივენს-ჯონსონის სინდრომი/ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი (DRESS-სინდრომი).

ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ: ხშირად - ტკივილი კიდურებში*; არც ისე ხშირად - ჰემართროზი; იშვიათად - სისხლჩაქცევა კუნთებში, სიხშირე უცნობია - სუბფასციალური წნევის მომატების სინდრომი (კომპარტმენტის სინდრომი) კუნთებში სისხლჩაქცევის გამო.

თირკმლებისა და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: სისხლდენა უროგენიტალური ტრაქტიდან (მათ შორის ჰემატურია და მენორაგია**), თირკმლის უკმარისობა (მათ შორის, კრეატინინის კონცენტრაციის მომატება, შარდოვანას კონცენტრაციის მომატება)*, სიხშირე უცნობია - თირკმლის უკმარისობა / თირკმლის მწვავე უკმარისობა სისხლდენის გამო, რომელიც თირკმლების ჰიპოპერფუზიას იწვევს.

ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილის მხრივ: ხშირად - ცხელება*, პერიფერიული შეშუპება, კუნთების საერთო ძალის და ტონუსის დაქვეითება (მათ შორის, სისუსტე, ასთენია); არც ისე ხშირად - ზოგადი მდგომარეობის გაუარესება (სისუსტის ჩათვლით); იშვიათად - ადგილობრივი შეშუპება *.

გამოკვლევები: იშვიათად - ლაქტატდეჰიდროგენაზას დონის მომატება*, ლიპაზას დონის მომატებული *, ამილაზას დონის მომატებული *.

ტრავმები, მოწამვლა და პროცედურული გართულებები: ხშირად - სისხლჩაქცევები ჩატარებული პროცედურების შემდეგ (მათ შორის პოსტოპერაციული ანემია და ჭრილობიდან სისხლდენა), კონტუზია, გამონადენი ჭრილობიდან*; იშვიათად - სისხლძარღვთა ფსევდოანევრიზმა***.

* დაფიქსირდა დიდი ორთოპედიული ოპერაციის შემდეგ.

**დაფიქსირდა ძალიან ხშირად VTE-ს მკურნალობისას 55 წელზე ნაკლები ასაკის ქალებში

*** დაფიქსირდა არც ისე ხშირა უეცარი სიკვდილის და მიოკარდიუმის ინფარქტის პროფილაქტიკის დროს პაციენტებში მწვავე კორონარული სინდრომის შემდეგ (პერკუტანული ჩარევის შემდეგ).

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

აქტიური კლინიკურად მნიშვნელოვანი სისხლდენა.

დაზიანება ან მდგომარეობა, თუ იგი მიჩნეულია დიდი სისხლდენის მნიშვნელოვან რისკად.

ნებისმიერი სხვა ანტიკოაგულანტის ერთდროული გამოყენება, ანტიკოაგულაციური თერაპიის შეცვლის განსაკუთრებული შემთხვევების გარდა ან არაფრაქციული ჰეპარინის დანიშვნისას დოზებით, რომლებიც აუცილებელია ღია ცენტრალური ვენური ან არტერიული კათეტერის შესანარჩუნებლად.

ღვიძლის დაავადება, რომელიც დაკავშირებულია კოაგულოპათიასთან და კლინიკურად მნიშვნელოვან სისხლდენის რისკთან, მათ შორის ციროზულ პაციენტებში ჩაილდ-პიუს მიხედვთ B და C კლასით.

ორსულობა და ძუძუთი კვება.

სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში რეკომენდებულია კლინიკური დაკვირვება ანტიკოაგულანტული პრაქტიკის შესაბამისად.

ჰემორაგიის რისკი

სხვა ანტიკოაგულანტების მსგავსად, პაციენტები, რომლებიც იღებენ მედოქსაბანს, უნდა იყვნენ მკაცრი მონიტორინგის ქვეშ სისხლდენის ნიშნების გამო. რეკომენდებულია სიფრთხილით გამოყენება სისხლდენის გაზრდილი რისკის პირობებში. მძიმე სისხლდენის შემთხვევაში მედოქსაბანის გამოყენება უნდა შეწყდეს.

თირკმლის უკმარისობა

მოზრდილ პაციენტებში თირკმელების მძიმე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი < 30 მლ/წთ) რივაროქსაბანის დონე პლაზმაში შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს (საშუალოდ 1,6-ჯერ), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენის რისკი. მედოქსაბანი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში კრეატინინის კლირენსით 15 - 29 მლ/წთ. გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტებში კრეატინინის კლირენსით < 15 მლ/წთ.

მედოქსაბანი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ სხვა სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც ზრდის რივაროქსაბანის კონცენტრაციას პლაზმაში.

მედოქსაბანი არ არის რეკომენდებული ბავშვებში და მოზარდებში თირკმლის ზომიერი ან მძიმე უკმარისობით (გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე < 50 მლ/წთ/1.73 მ2), რადგან კლინიკური მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

კიბოს მქონე პაციენტები

ავთვისებიანი ნეოპლაზმების მქონე პაციენტებში სისხლდენის მაღალი რისკით, რივაროქსაბანის გამოყენება უკუნაჩვენებია.

პროთეზირებული სარქველების მქონე პაციენტები

მედოქსაბანით მკურნალობა არ არის რეკომენდებული გულის სარქველების პროთეზის მქონე პაციენტებში.

ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის მქონე პაციენტები

პირდაპირი მოქმედების პერორალური ანტიკოაგულანტები (DOACs) რივაროქსაბანის ჩათვლით არ არის რეკომენდებული თრომბოზის ანამნეზის მქონე პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის დიაგნოზი.

არასარქვლოვანი წინაგულების ფიბრილაციის მქონე პაციენტები, რომლებსაც უტარდებათ პერკუტანული კორონარული ჩარევა სტენტირებით

მონაცემები ეფექტურობის შესახებ ამ პოპულაციაში შეზღუდულია.

ჰემოდინამიკურად არასტაბილური PE პაციენტები ან პაციენტები, რომლებსაც ესაჭიროებათ თრომბოლიზი ან ფილტვის ემბოლექტომია

მედოქსაბანი არ არის რეკომენდებული არაფრაქციული ჰეპარინის ალტერნატივის სახით პაციენტების ამ პოპულაციაში.

სპინალური/ეპიდურული ანესთეზია ან პუნქცია

ნეირაქსიალური ანესთეზიის (სპინალური/ეპიდურული ანესთეზია) ან სპინალური/ეპიდურული პუნქციის დროს პაციენტებში, რომლებიც  თრომბოემბოლიური გართულებების პროფილაქტიკისთვის იღებენ ანტითრომბოზულ პრეპარატებს, არსებობს ეპიდურული ან ზურგის ჰემატომის რისკი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ხანგრძლივი ან მუდმივი დამბლა. საჭიროა პაციენტების ხშირი კონტროლი ნევროლოგიური დარღვევების ნიშნებისა და სიმპტომების მხრივ (მაგ., ფეხების დაბუჟება ან სისუსტე, ნაწლავის ან შარდის ბუშტის დისფუნქცია). თუ აღინიშნება ნევროლოგიური დარღვევები, საჭიროა სასწრაფო დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

დოზირების რეკომენდაციები ინვაზიურ პროცედურებსა და ქირურგიულ ჩარევამდე და მის შემდეგ

თუ საჭიროა ინვაზიური პროცედურა ან ქირურგიული ჩარევა, მედოქსაბანი 20 მგ უნდა შეწყდეს ჩარევამდე სულ მცირე 24 საათით ადრე, თუ ეს შესაძლებელია.

ხანდაზმულები

ასაკის მატებასთამ ერთად შეიძლება გაიზარდოს ჰემორაგიის რისკი.

დერმატოლოგიური რეაქციები

რივაროქსაბანის მიღება უნდა შეწყდეს კანზე მძიმე გამონაყარის (მაგ. გავრცელებული, ინტენსიური ან/და ბუშტუკებით) ან  ჰიპერმგრძნობელობის ნებისმიერი სხვა ნიშნის გამოჩენისას ლორწოვანი გარსის დაზიანებებთან ერთად.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

CYP3A4 და P-gp ინჰიბიტორები

მედოქსაბანის გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად გადიან  მკურნალობას აზოლის ჯგუფის სისტემური ანტიმიკოზური საშუალებებით, როგორიცაა კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი და პოზაკონაზოლი ან აივ-ის პროტეაზას ინჰიბიტორები. ეს აქტიური ნივთიერებები არის როგორც CYP3A4, ასევე P-gp ძლიერი ინჰიბიტორები.

აქტიური ნივთიერებები, რომლებიც აინჰიბირებს რივაროქსაბანის ელიმინაციის მხოლოდ ერთ გზას, CYP3A4-ს ან P-gp-ს, სავარაუდოდ, უფრო ნაკლები ხარისხით გაზრდიან რივაროქსაბანის კონცენტრაციას პლაზმაში.

კლარითრომიცინთან, ერითრომიცინთან ან ფლუკონაზოლთან ურთიერთქმედება სავარაუდოდ კლინიკურად არ არის მნიშვნელოვანი უმეტეს პაციენტებში, მაგრამ შეიძლება იყოს პოტენციურად მნიშვნელოვანი მაღალი რისკის მქონე პაციენტებში.

ანტიკოაგულანტები

ენოქსაპარინი არ ახდენს გავლენას რივაროქსაბანის ფარმაკოკინეტიკაზე.

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები/თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები

სიფრთხილეა საჭირო, თუ პაციენტები მკურნალობენ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით (აცეტილსალიცილის მჟავას ჩათვლით) და თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორებით, რადგან ეს მედიკამენტები, როგორც წესი, ზრდიან სისხლდენის რისკს.

სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორები (SSRIs) და სეროტონინის და ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები (SNRIs)

სხვა ანტიკოაგულანტების მსგავსად, შეიძლება არსებობდეს სისხლდენის გაზრდილი რისკი პაციენტებში SSRIs-ს ან SNRIs-ს ერთდროული გამოყენების შემთხვევაში თრომბოციტებზე მათი ზემოქმედების გამო.

ვარფარინი

ვარფარინსა და რივაროქსაბანს შორის ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა.

CYP3A4 ინდუქტორები

თავიდან უნდა იქნას აცილებული ძლიერი CYP3A4 ინდუქტორების ერთდროული მიღება.

ლაბორატორიული პარამეტრები

რივაროქსაბანი გავლენას ახდენს შედედების პარამეტრებზე (მაგ., PT, aPTT, HepTest).

ორსულობა და ლაქტაცია

მედოქსაბანი უკუნაჩვენებია ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.

ზემოქმედება ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

მედოქსაბანი უმნიშვნელო გავლენას ახდენს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

აღწერილია გვერდითი რეაქციები, როგორიცაა სინკოპე და თავბრუსხვევა. პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ ეს გვერდითი რეაქციები, არ უნდა მართონ ავტომობილი ან მექანიზმები.

ჭარბი დოზირება

მოზრდილებში 1,960 მგ-მდე დაფიქსირდა ჭარბი დოზირების იშვიათი შემთხვევები. ჭარბი დოზირების შემთხვევაში საჭიროა პაციენტის კონტროლი სისხლდენის განვიტარების ან სხვა გვერდითი რეაქციების გამო.

რივაროქსაბანის ფარმაკოდინამიკური ეფექტის საწინააღმდეგო სპეციფიური რევერსული აგენტი (ანდექსანეტი ალფა), გამოიყენება მოზრდილებში, მაგრამ არ გამოიყენება ბავშვებში.

რივაროქსაბანის ჭარბი დოზირების შემთხვევაში შეიძლება გააქტივებული ნახშირის გამოყენება აბსორბციის შესამცირებლად.

სისხლდენის მართვა

თუ რივაროქსაბანის მიღებისას ვითარდება გართულება სისხლდენის გამო, რივაროქსაბანის შემდეგი მიღება უნდა გადაიდოს ან მკურნალობა უნდა შეწყდეს.

პლაზმის ცილებთან მაღალი კავშირის გამო რივაროქსაბანი არ გამოიყოფა დიალიზით.

ფარმაკოდინამიკური თვისებები

მოქმედების მექანიზმი

რივაროქსაბანი არის Xa ფაქტორის მაღალსელექციური პირდაპირი ინჰიბიტორი პერორალური ბიოშეღწევადობით. Xa ფაქტორის ინჰიბირება აფერხებს სისხლის კოაგულაციის კასკადის შინაგან და გარეგან გზებს, თრომბინის წარმოქმნასაც და თრომბის განვითარებასაც.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

ადამიანებში დაფიქსირდა Xa ფაქტორის დოზადამოკიდებული ინჰიბირება. რივაროქსაბანს აქვს დოზადამოკიდებული მოქმედება პროთრომბინის დროზე და კარგად კორელირებს პლაზმის კონცენტრაციებთან (r=0.98), როდესაც ანალიზისთვის გამოიყენება ნეოპლასტინის® ნაკრები.

სხვა რეაგენტების გამოყენების შემთხვევაში შედეგები განსხვავებული იქნება.

პროთრომბინის დრო უნდა გაიზომოს წამებში, რადგან საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა დაკალიბრებულია და სერტიფიცირებულია მხოლოდ კუმარინის წარმოებულებისთვის და არ შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა ანტიკოაგულანტებისთვის.

არასარქვლოვანი წინაგულების ფიბრილაციის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ რივაროქსაბანს ინსულტის და სისტემური თრომბოემბოლიის პროფილაქტიკისთვის, ტაბლეტის მიღებიდან 1-4 საათის შემდეგ (ანუ მაქსიმალური ეფექტის დროს) 5/95 პროცენტილი პროთრომბინის დროისთვის (ნეოპლასტინი®) მერყეობს 14-დან 40 წამამდე პაციენტებში, რომლებიც იღებენ 20 მგ ერთხელ დღეში, და 10-დან 50 წამამდე თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (CC 49-30 მლ / წთ), რომლებიც იღებენ 15 მგ ერთხელ დღეში.

პაციენტებში, რომლებიც იღებენ რივაროქსაბანს ღრმა ვენების მორეციდივე თრომბოზის (DVT) და ფილტვის ემბოლიის (PE) სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის, 5/95 პროცენტული პროთრომბინის დროისთვის (ნეოპლასტინი®) ტაბლეტის მიღებიდან 2-4 საათის შემდეგ (ანუ მაქსიმალური ეფექტით) მერყეობს 17-დან 32 წამამდე პაციენტებში, რომლებიც იღებენ 15 მგ 2-ჯერ დღეში და 15-დან 30 წამამდე პაციენტებში, რომლებიც იღებენ 20 მგ 1-ჯერ დღეში.

ასევე, რივაროქსაბანი დოზადამოკიდებულად ზრდის APTT და ჰეპტესტი® შედეგს; თუმცა, ეს პარამეტრები არ არის რეკომენდებული რივაროქსაბანის ფარმაკოდინამიკური ეფექტების შესაფასებლად.

ასევე, თუ ამის კლინიკური დასაბუთება არსებობს, რივაროქსაბანის კონცენტრაცია შეიძლება გაიზომოს კალიბრირებული რაოდენობრივი ანტი-ფაქტორის Xa ტესტის გამოყენებით.

პრეპარატით მკურნალობის პერიოდში არ არის საჭირო სისხლის კოაგულაციის მაჩვენებლების მონიტორინგი.

50 წელზე მეტი ასაკის ჯანმრთელ მამაკაცებსა და ქალებში QT ინტერვალის გახანგრძლივება არ დაფიქსირებულა რივაროქსაბანის გავლენის ქვეშ.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

რივაროქსაბანი სწრაფად შეიწოვება. რივაროქსაბანის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა 10 მგ დოზით მიღების შემდეგ მაღალია (80-100%).

Cmax მიიღწევა ტაბლეტის მიღებიდან 2-4 საათის შემდეგ. რივაროქსაბანის 10 მგ დოზით საკვებთან ერთად მიღებისას AUC და Cmax ცვლილება არ აღინიშნება. რივაროქსაბანის ფარმაკოკინეტიკა ხასიათდება ზომიერი ინდივიდუალური ცვალებადობით; ინდივიდუალური ცვალებადობა (ვარიაციის კოეფიციენტი) მერყეობს 30%-დან 40%-მდე.

უზმოზე 20 მგ პრეპარატის მიღებისას დაფიქსირდა 66% ბიოშეღწევადობა, შეწოვის შემცირებული ხარისხის გამო. მედოქსაბანის 20 მგ დოზით საკვებთან ერთად მიღებისას აღინიშნებოდა AUC-ს საშუალო ზრდა 39%-ით უზმოზე მიღებასთან შედარებით, რაც აჩვენებდა თითქმის სრულ შეწოვას და მაღალ ბიოშეღწევადობას. რივაროქსაბანის აბსორბცია დამოკიდებულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გამთავისუფლების ადგილზე. AUC და Cmax-ის შემცირება 29%-ით და 56%-ით, შესაბამისად, მთლიანი ტაბლეტის მიღებასთან შედარებით, დაფიქსირდა რივაროქსაბანის გრანულატის გამოთავისუფლებისას წვრილი ნაწლავის დისტალურ ნაწილში ან აღმავალ ნაწლავში.

დისტრიბუცია

ადამიანის ორგანიზმში რივაროქსაბანის უმეტესი ნაწილი (92-95%) უკავშირდება პლაზმის ცილებს, ძირითადი დამაკავშირებელი კომპონენტია შრატის ალბუმინი. Vd - ზომიერი, Vss არის დაახლოებით 50 ლიტრი.  

მეტაბოლიზმი და ექსკრეცია

პერორალურად მიღების შემდეგ რივაროქსაბანის დადგენილი დოზის დაახლოებით 2/3 მეტაბოლიზდება და შემდგომში თანაბარი ნაწილებით გამოიყოფა შარდით და ნაწლავებით. დოზის დარჩენილი 1/3 გამოიყოფა პირდაპირი თირკმლისმიერი ექსკრეციით უცვლელი სახით, ძირითადად თირკმლების აქტიური სეკრეციის ხარჯზე.

რივაროქსაბანი მეტაბოლიზდება CYP3A4, CYP2J2 იზოფერმენტებით, აგრეთვე ციტოქრომული სისტემისგან დამოუკიდებელი მექანიზმებით. ბიოტრანსფორმაციის ძირითადი ადგილებია მორფოლინის ჯგუფის დაჟანგვა და ამიდური ბმების ჰიდროლიზი.

უცვლელი რივაროქსაბანი არის ერთადერთი აქტიური ნაერთი პლაზმაში, სხვა მნიშვნელოვანი ან აქტიური მოცირკულირე მეტაბოლიტები პლაზმაში არ გამოვლენილა. რივაროქსაბანის პლაზმიდან გამოყოფისას საბოლოო T1/2 არის 5-დან 9 საათამდე ახალგაზრდა პაციენტებში და 11-დან 13 საათამდე ხანდაზმულ პაციენტებში.

სპეციალური პოპულაციები

ღვიძლის უკმარისობა

რივაროქსაბანი უკუნაჩვენებია ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში, რომლებიც უკავშირდება კოაგულოპათიას და სისხლდენის კლინიკურად მნიშვნელოვან რისკს, მათ შორის ჩაილდ-პიუს სკალის მიხედვით B და C ციროზის მქონე პაციენტებში.

თირკმლის უკმარისობა

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში აღინიშნება რივაროქსაბანის ექსპოზიციის გაზრდა, თირკმლის ფუნქციის შემცირების ხარისხის უკუპროპორციულად, რომელიც შეფასებულია კრეატინინის კლირენსით.

ხანდაზმულები

დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ვარგისობის ვადა

2 წელი.

შენახვის პირობები

ინახება 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა

20 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, 15 ტაბლეტი ბლისტერში, 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში შეფუთვის ჩანართთან ერთად.

მწარმოებელი და სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

Exemed Pharmaceuticals,

ნაკვეთები No133/1 და 133/2,

G.I.D.C., სელვას როუდი,

ვაპი-396 195

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.